ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – ვითარება ახლო აღმოსავლეთში
რამდენიმე საათია, ისრაელსა და ლიბანს შორის დროებითი ზავი მოქმედებს.
10-დღიანი შეთანხმების ფონზე ირანმა 28 თებერვლის შემდეგ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის გახსნა. თეირანის ამ ნაბიჯის მიუხედავად, ამერიკა ირანთან საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ირანული პორტების ბლოკადას განაგრძობს. თუ ტრამპის განცხადებებს დავეყრდნობით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებამდე ახლოსაა. ბოლო მონაცემებით, ირანი თანხმდება, რომ 20 წელი ბირთული იარაღი არ ჰქონდეს. ენერგორესურსების გადაზიდვების ერთ-ერთი არხის, ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ მოლოდინია, რომ მწვავე ენერგოკრიზისი დაიძლევა და ნავთობის მზარდი ფასები დაიწევს. თუმცა სრუტე შესაძლოა, ხელახლა ჩაიკეტოს. ჰორმუზში თავისუფალი ნავიგაცია პირდაპირაა დამოკიდებული ისრაელსა და ლიბანს შორის ურთიერთობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი გლობალური გამოწვევაა: 10-დღიანი დაზავების შემდეგ ვაშინგტონი ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდს უკვე ლიდერების დონეზე უმასპინძლებს. თელავავის მთავარი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა. მოლოდინია, რომ მხარეებს შორის ისტორიული შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.