9 აპრილს დაღუპულ გმირებს იხსენებენ რეგიონებში

12:17, 09.04.2026

9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აღინიშნა, რომ 9 აპრილი არის ეროვნული ერთობისა და საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების დღე, რომელსაც სევდასთან ერთად, სიამაყეც ახლავს.

9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს იხსენებენ გორშიც. ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს, დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ, გადაიხდიან სასულიერო პირები.

ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალი, პარლამენტში ქუთაისის დელეგატმა, ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. მამა ავთანდილ გრძელიძემ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან ჩოხოსნები და რიგითი მოქალაქეებიც მივიდნენ. 1989 წლის 9 აპრილის დილას, საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზუგდიდში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, ასევე – პარლამენტის წევრმა ედიშერ თოლორაიამ ტიტებით და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. დაანთეს სანთლები მათი სულის მოსახსენებლად და თავგანწირვისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს.

მსგავსი