ორკვირიანი ზავი ახლო აღმოსავლეთში
მძიმე საათები მსოფლიოსთვის და გამთენიისას მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დროებით დაასრულა – აშშ და ირანი ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ორივე მხარეს თავისი პირობები აქვს, რომლებიც 10-პუნქტიან გეგმაშია გაწერილი. სწორედ ამ გეგმის გარშემო ახლა მოლაპარაკების პროცესი იწყება, რომელშიც შუამავლის როლს პაკისტანი შეასრულებს. შეხვედრის პირველი რაუნდი 10 აპრილს ისლამაბადში იგეგმება. ერთ-ერთი მთავარი პირობაა ჰორმუზის სრუტის გახსნა, რის გამოც 28 თებერვლის შემდეგ ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისი შეიქმნა და გლობალურ ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიადგა. სწორედ 10-პუნქტიან გეგმაზეა დამოკიდებული, დასრულდება თუ არა 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაცია და დამყარდება თუ არა რეგიონში მშვიდობა. ზავზე შეთანხმებიდან ჯერ საათებია გასული, თუმცა ირანი მისი დარღვევით უკვე იმუქრება – ეს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის მხრიდან ლიბანზე თავდასხმები გაგრძელდება. თავის მხრივ თეირანს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ ყურის ქვეყნებიც.
ცეცხლის დროებით შეწყვეტას წინ უძღოდა ტრამპის მხრიდან ირანის სრულად განადგურების მუქარა. თვენახევრის თავზე ვაშინგტონი ირანში საკუთარ სამხედრო მიზნებს მიღწეულად აცხადებს და ზავს საკუთარ სამხედრო გამარჯვებად მიიჩნევს.