ფასების მარეგულირებელი კომისიის სხდომა
სიტყვიერი დაპირისპირების და კამათის ფონზე ჩაიარა ამჯერადაც ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელმა სხდომამ. მწარმოებლების შემდეგ პარლამენტში მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები მივიდნენ. კომისია ახლა წამლებზე ფასწარმოქმნის პროცესს სწავლობს და ფასების შემცირების რესურსს ეძებს. ერთ-ერთ ბერკეტად, ყველა მედიკამენტზე ე.წ. რეფერენტული ფასების დაწესება განიხილება, რასაც კერძო სექტორი არ ეწინააღმდეგება. ამ ეტაპზე მითითებული პროგრამა მხოლოდ 7 000-მდე მედიკამენტზე ვრცელდება. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებმა დღეს ვრცლად ისაუბრეს – როგორ ხდება ფასწარმოქმნა, როგორია ფასნამატი და მოგების მარჟა. არცერთ მათგანს დღეს პრეპარატების მკვეთრად გაიაფების კონკრეტულ გზებზე არ უსაუბრია. გეგმის მიხედვით, კომისიამ, რომელიც სურსათზე, წამლებსა და საწვავზე ფასების შესამცირებლად არის შექმნილი, კონკრეტული გადაწყვეტილებები აპრილის ბოლომდე უნდა მიიღოს.