ელენე ხოშტარიას პატიმრობა შეეფარდა

15:23, 24.03.2026

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე, „დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა. მან სარეზოლუციო ნაწილში მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი განმარტა. ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, ვინაიდან წარსულში ხოშტარიას წინააღმდეგ 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული და არცერთ მათგანზე შეფარდებული ჯარიმა არ გადაუხდია. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად ბრალდებული. ის პროტესტის ნიშნად არცერთ პროცესს არ დასწრებია. ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარია ამ საქმეს არ თვლის სისხლის სამართლის საქმედ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან სასამართლოს წერილობით მიმართა და თქვა, რომ არ სურს პროცესზე დასწრება, არ აღიარებს სასამართლოს და არცერთ ინსტიტუტს. სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდეგ შეძლებდა, თუმცა, ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა. სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული ჯარიმას ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

მსგავსი