ეუთო/ოდირის კრიტიკა – პოლიტიკური შეფასებები

21:19, 07.03.2026

ეუთო-ოდირის ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს ისევ აკრიტიკებს. საუბარია „გრანტების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით ოთხ მარტს მიიღო. ახალი რედაქციით გრანტად მიიჩნევა უცხოეთიდან ნებისმიერი პირისთვის გადაცემული ფინანსები, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ხოლო თუ პირი გრანტს კანონის გვერდის ავლით მიიღებს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ცვლილებებით აიკრძალა ხელისუფლების სისტემურად არაღიარება. ადამიანის უფლებათა ოფისი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიღებულ ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვის თავისუფლებაზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას.

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს. შესაბამისად, აწი დარღვევებს შედეგები მოჰყვება, ხოლო სიტუაციის გამოსწორება ისევ დონორებზე იქნება დამოკიდებული. „მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“ – ასეთია საქართველოს პირველი კანონმდებლის პასუხი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა. მათივე განცხადების მიხედვით, პარლამენტარები პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, განსახილველი თემები კი ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები, დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

 

მსგავსი