ინფრასტრუქტურული სამუშაოები

18:30, 03.03.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. დედოფლისწყაროში მიმდინარეობს დალის სათავე ნაგებობის მოდერნიზაცია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე უკუოსმოსის სისტემას აშენებს, რომელიც წყალს სრულ გაწმენდის ციკლს გაუვლის და საათში დაახლოებით 300 კუბურ მეტრ სუფთა წყალს უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქში ასევე მიმდინარეობს 650 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების №1 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 16 მილიონ ლარამდეა. გარდა ამისა, დაგეგმილია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობა, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. სოფელ სამრეკლოში აშენდება 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი.  დასრულებულ და დაგეგმილ პროექტებს მინისტრი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც გაეცნო. სოფელ მსხალგორში 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. ლაგოდეხში ასევე იგეგმება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აუზებით, ფიტნეს და სატრენაჟორო დარბაზებით, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებით. სოფელ ჭაბუკიანში აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურ საფარიანი სტადიონი.

მსგავსი