გიორგი ქვილითაია – „მეცმა“ მესამე ქართველის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

22:19, 02.02.2026

გიორგი ქვილითაია „მეცში“ ითამაშებს – არაოფიციალურად გავრცელებული ეს ცნობა ახლა თავად ფრანგულმა კლუბმა დაადასტურა.

ქვილითაიამ ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი ნახევარი წლით გაფორმა, ოღონდ კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„„მეცი“ სიხარულით აცხადებს თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას დამატებას. 32 წლის ქართველმა, რომელმაც ახლახან დატოვა ლიმასოლის „არისი“ (კვიპროსი), „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა და კლუბის ფორმას სეზონის ბოლომდე მოირგებს.

ნაკრებში 42 მატჩის ჩატარებისა და ექვსი გოლის გატანის შემდეგ გიორგი ქვილითაია „მეცს“ დიდ გამოცდილებას მოუტანს. 2018 წლიდან 2020 წლამდე „გენტში“ (ბელგია) თამაშობდა. თავდამსხმელი, რომელმაც კარიერა თბილისის „სასკოში“ დაიწყო, ბოლო სეზონებში კვიპროსის ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობდა, 115 მატჩში „აპოელის“ და „არისის“ რიგებში 42 გოლი გაიტანა.

აბაშაში დაბადებული 1.91 მ სიმაღლის თავდამსხმელი აერთიანებს ძალას, სიზუსტეს და თანმიმდევრულობას. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის თანამემამულე „მეცის“ შეტევის გაძლიერებას შეეცდება“, – წერია „მეცის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ტოპ-5 ლიგებში საქართველოს წარმომადგენლობა ორით შემცირდა რაც დაჩი ლორთქიფანიძე „კრემონეზედან“ (სერია A) „კარარეზეში“ (სერია B) გადავიდა, ხოლო საბა გოგლიჩიძე ასევე სერია A-ს „უდინეზედან“ ინგლისურ „უოტფორდში“ ჩაირიცხა.

გიორგი ქვილითაიამ ეს დანაკლისი ოდნავ შემაცირა და „მეცში“ მესამე ქართველი ლეგიონერი იქნება გიგი აბუაშვილის და გიორგი წიტაიშვილის შემდეგ, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში – მეოთხე „ჯვაროსანი“.

მსგავსი