„თანხმობის დოკუმენტი“ – რაზე მუშაობს ოპოზიცია
რვა პარტია და ერთი დოკუმენტი – ოპოზიცია თანხმობის დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს, რომელმაც სხვადასხვა პარტია ერთი გეგმის გარშემო უნდა გააერთიანოს. მიზანი მთავარი ალტერნატიული ძალის შექმნაა. აღნიშნული რვა პარტიის წარმომადგენლები ერთობის ახალ მცდელობას ოპტიმისტურად უყურებენ და ამბობენ, რომ ბრძოლის მთავარ სტრატეგიაზე შეთანხმებას მოახერხებენ.
განსხვავებულად ფიქრობენ გახარიას გუნდში – „ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?! პირიქით, „ოცნება“ თავად არის დაინტერესებული, რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, – აცხადებენ ყოფილი პრემიერის პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის გაერთიანებაზე მსჯელობა ისევ ფიასკოსთვის არის განწირული.