მიხეილ სარჯველაძე – ჩანაცვლებითი თერაპიის გრძელვადიანი რეფორმის რამდენიმე ეტაპი დაიხურა, მაგრამ რეფორმა გრძელდება, ნაკლოვანებები, რაც არსებობდა ამ სისტემაში, დღეს სრულად გამოირიცხება
ჩანაცვლებითი თერაპიის გრძელვადიანი რეფორმის რამდენიმე ეტაპი დაიხურა, მაგრამ რეფორმა გრძელდება დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებიდან, დამთავრებული, მაგალითად, პროცესების ოპტიმიზაციით, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობის შემიძლია, ვთქვა, პრაქტიკა, რომელიც რეალურად იყო ამ რეფორმის აუცილებლობის განმაპირობებელი და ნაკლოვანებები, რაც არსებობდა ამ სისტემაში, დღეს პრაქტიკულად, სრულად დაზღვეულია და სრულად გამოირიცხება. ეს გულისხმობდა მაგალითად, ჭარბი დოზების პრაქტიკას და კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს დღეს მთლიანად აღმოფხვრილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს არ იყო მარტივი რეფორმა, მარტივად მიღწევადი ამოცანა, მაგრამ რეალურად, ეს მიღწეულია. რა თქმა უნდა, ერთიორად რთული იყო ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მართლაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია. რაც შეიძლება, დიდი უნდა იყოს წნეხი, სამართლიანი, რომლის შედეგადაც რეალურად, არ იქნება ასე ვთქვათ, ნარკოდამოკიდებულებისთვის სასურველი ნიადაგი შექმნილი ქვეყანაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად მოიხსნას და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ინტერესი ნარკოტიკის მიმართ. ამ თვალსაზრისით, მართლაც არაჩვეულებრივი პროგრამები დაიწყო. მაგალითად, სკოლებში ესაუბრებიან ახალგაზრდებს, მოზარდებს, რა შეიძლება, იყოს მანკიერი გავლენა ამ ყველაფრის, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის მომდევნო ფაზები გვაქვს წინ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ფაზები არის მაგალითად, ის, რომ აუცილებლად უნდა დაანგრიონ მითი, თითქოს უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა.
„ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სამწუხაროდ, სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად – ზიანის შემცირებაში და ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიაზრებოდა პრაქტიკულად ის, რომ ნარკომანს არ ჰქონოდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, არაერთ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ მსოფლმხედველობას ამკვიდრებდა და იზიარებდა, ან აწყობდა და აჩვენებდა თავს, რომ იზიარებდა, მაგრამ ფაქტია, ასეთი ხალხიც არსებობდა. ეს მითი საბოლოოდ უნდა დაინგრეს. სისტემა მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყოს, რომ ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, გათავისუფლდეს ამ ძალიან დიდი ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია, სახელმწიფო მხარში უნდა დაუდგეს. ამას შეძლებისდაგვარად, ახლაც ვაკეთებთ, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად გავაკეთებთ. მეორე მხრივ, ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სურვილი გავუჩინოთ. ბუნებრივია, დაწყებული უშუალოდ ამ ადამიანით, გაგრძელებული ოჯახის წევრებით და მთლიანად საზოგადოებისთვის ეს არის მანკიერება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მთავარია, ნარკომანიის ტვირთი, ნარკომანიით გამოწვეული ზიანი საზოგადოებისთვის იყოს დღითიდღე კლებად რეჟიმში გადაყვანილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აქაც ექნებათ ინიციატივები, დაწყებული საინტერესო მედიკამენტებით, რომელიც შეიძლება, შემოვიდეს.
„ეს საკმაოდ ვრცელი კომპლექსია, დამუშავების პროცესშია და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწო. ამ ეტაპების იმის თქმაა შესაძლებელი, რომ მათ შორის, სავალდებულო მკურნალობა, რომელიც დაინერგა, ამ მიმართულებით გვექნება საინტერესო ინიციატივები – როგორ უნდა დაინერგოს კომპლექსური მიდგომები, რაც გულისხმობს ფსიქოლოგის დახმარებას, სოციალურ დახმარებას, რომ ადამიანისთვის გაცილებით მარტივი იყოს ნარკომანიის დამარცხება. ეს ერთი შეხედვით ისე გამოიყურება, თითქოს ტრაფარეტული სქემა იყოს, რომ, მაგალითად, სოციალური მუშაკიც ხელმისაწვდომი იყო ამ ადამიანისთვის და ფსიქოლოგიც, მაგრამ რეალურად, ეს თავის ფუნქციას არასდროს არ ასრულებდა. ამიტომ, რეალურად ვიქნებით ორიენტირებული შედეგზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მოტივირებული და სისტემა ექაჩებოდეს ადამიანს, რათა რაც შეიძლება, მეტი მოტივაცია შეუქმნას, რომ ის რაღაცნაირად გახდეს თავისუფალი ნარკომანიისგან. როდესაც ვამბობ, რომ არ მინდა, მოვლენებს დავასწრო, ამაში ვგულისხმობ უპირველესად იმას, თუ საიდან დავიწყებთ, რა კატეგორიიდან და როგორ ვიმუშავებთ. ამ ყველაფერს სჭირდება მეცნიერულად დამუშავება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები ამბობდნენ, რომ ადამიანური რესურსების დეფიციტები გაჩნდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასეთი დეფიციტი არ შექმნილა.
„რეალურად, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ეტაპად გამოცხადებული კონკურსები ამ მიმართულებით და საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენ უზრუნველვყავით, სათანადოდ დაკომპლექტებულიყო ის გუნდები, რომლის მეშვეობითაც პროცესი ხორციელდება. ასევე, სავალდებულო კომპონენტი რაც არის, სავალდებულო მკურნალობა, აქაც გაჩნდა გარკვეული საჭიროებები და ესეც დაკომპლექტებულია. ეს მომავალშიც გაგრძელდება. გვაქვს ახალი გეგმები, მათ შორის, ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში ცენტრის გაკეთებას. ეს ყველაფერი მუშაობის პროცესშია და რამე არსებითი ხელის შემშლელი ფაქტორი, ისეთი, რაც გადაუჭრელი სირთულე იქნებოდა, რეალურად, გზაზე არ შეგვხვედრია, მიუხედავად სკეპტიკოსების გაფრთხილებებისა. საბედნიეროდ, ეს ასე წარიმართა და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებაა არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება აუცილებლად გამკლავება.
„საბედნიეროდ, გვექნება ამის შესაძლებლობა, რომ მომავალ წელს გარკვეული ინიციატივები ამ მიმართულებით გვქონდეს. შერჩეულია პრიორიტეტული მიმართულებებიც, სხვა ბევრი რამ და ვფიქრობ, ესეც დაძლევადი ამოცანა იქნება. მგონია, რომ მომავალი წლის ამ დროს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ რეზულტატებზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.