დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში

21:12, 16.12.2025

საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი ნაბიჯი ომში მყოფი უკრაინის მიმართ. საათების წინ ოფიციალური თბილისი იმ საერთაშორისო კონვენციას შეუერთდა, რომელიც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დროს უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებს.

ჰააგაში მიმდინარე კონფერენციაზე დღეს ოფიციალურად შეიქმნა საჩივრების საერთაშორისო კომისია. ევროპის საბჭოს ეგიდით დაფუძნებულმა კომისიამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩადენილი და საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებების შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად მომზადებული საჩივრები უნდა განიხილოს. კონვენციას 35 ქვეყანა აწერს ხელს. ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პირველმა დიპლომატმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. გამოსვლაში აქცენტირებული იყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარღვეული უფლებები და რუსეთის მიერ დღემდე შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები. საჩივრების კომისია, როგორც სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი და უნიკალური საერთაშორისო ინსტრუმენტი ზარალის შესაფასებლად – ასე ფასდება დღეს დაფუძნებული კომისია ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც კონფერენციაზე ერთი მთავარი გზავნილით წარდგნენ – რუსეთმა უკრაინას ომის შემდეგ მიყენებული ყველა ზარალი უნდა აუნაზღაუროს და კომპენსაციების გასაცემად მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

დიპლომატიური კონფერენცია ჰააგაში და უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი კიდევ ერთი საერთაშორისო პლატფორმიდან – თამუნა წიკლაური დეტალებით.

მსგავსი