პაატა სალია ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე.
კონფერენციის ფარგლებში პაატა სალიამ კოლეგებს მიგრაციის მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან.