სუს-ის გამოძიების შედეგი – პოლიტიკური შეფასებები

15:02, 07.12.2025

„ბიბისის“ დოკუმენტური ფილმის გარშემო რეზონანსი არ წყდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებას სპეციალური ბრიფინგით პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და მის გავრცელებას სპეცოპერაცია უწოდა, რომელიც ვერ შედგა. ქართული გამოძიების შედეგების და ხელისუფლების განცხადებების არ სჯერათ ოპოზიციაში, სადაც საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით, სადაც თბილისში გასული წლის აქციებზე მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე იყო საუბარი, ჯამში 93 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის შსს-ს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში კი ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა. ამოღებულია საბაჟო დოკუმენტაციაც. მათი ანალიზის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია. ამ დროისთვის, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესაძლო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. თუმცა, გამოძიება გრძელდება 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მსგავსი