BBC-ის ფილმი – სამედიცინო და სამართლებრივი არგუმენტები
„ბიბისის“ რეზონანსული საგამოძიებო ფილმის გარშემო დისკუსია არ წყდება. გრძელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორი მუხლით დაწყებული გამოძიებაც. ფილმის რესპონდენტთა გამოკითხვის შემდეგ, უწყებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გამოკითხეს. უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, თუმცა სწორედ ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ იყვნენ ის პირები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპოლიციო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდნენ. აქციების დაშლისას, „ბიბისის“ ფილმში ნახსენები აკრძალული ნივთიერების, „კამიტის“ გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „კამიტი“ წყალში საერთოდ არ ზავდება და მსგავსი დაშვების შემთხვევაშიც, მძიმე ჩივილებითა და ინტოქსიკაციით კლინიკებისთვის ასობით ადამიანს უნდა მიემართა, რაც მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ მომხდარა. მიუხედავად განმარტებებისა, ხელისუფლების არგუმენტები არადამაჯერებელია ოპოზიციისთვის, მათი ნაწილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნაწილი კი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. განხილვის თემა ხდება პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის კვლევაც. სპეციალისტები ნაშრომში, რომელსაც “ბიბისის” ჟურნალისტური გამოძიება ეყრდნობა, არაერთ ხარვეზს ხედავენ.