ბიბისის ჟურნალისტური გამოძიება – გამოხმაურებები
„ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს „ქართული ოცნება“. ოფიციალურ განცხადებაში წერია: BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აბსურდული და ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. წერია განცხადებაში. სადაც ასევე აღნიშნულია რომ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყება. შეგახსენებთ „ბიბისიმ“ საგამოძიებო ფილმი მოამზადა, სადაც საუბარია, რომ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროს ლაშა შერგელაშვილს და ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
საკითხი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა დილიდან.