საპროტესტო აქცია თბილისში
პროტესტის ერთი წელი. 28 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე – რუსთაველის გამზირზე აქცია ერთი საათის წინ დაიწყო.
დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მსვლელობებით მიდის. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები პროტესტის ერთი წლისთავთან დაკავშირებულ დემონსტრაციას აწყობენ. მთავარი მოთხოვნებია აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ზუსტად ერთი წლის წინ ამ დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა. დღის წესრიგში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების საკითხის 2028 წლამდე არ დაყენების შესახებ განცხადება ოპოზიციამ და მესამე სექტორის და მოქალაქეების ნაწილმა ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმად გამოაცხადა და ყოველდღიური გამოსვლები დაიწყო. პარლამენტთან ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაკავებული დემონსტრანტების ოჯახები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ერთი წლის წინანდელ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ გზავნილად მიიჩნევენ.