ზურაბ აბაშიძე – დიდი პასუხისმგებლობაა, იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა, იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

12:59, 30.10.2025

თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველ რიგში, თბილისელებს, შემდგომ კი კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის საკრებულოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა, იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო თავდაუზოგავად იმუშავებს იმ დაპირებებისა და პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დედაქალაქის  მოსახლეობისა და თბილისისთვის სასიკეთო იქნება.

„ჩვენ თბილისელებს ძალიან ბევრი დაპირება მივეცით და ამ დაპირებების შესასრულებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, საკრებულოს ახალი შემადგენლობის მუშაობა იქნება პროდუქტიული და ჩვენ, ყველანი ერთად, თბილისისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარტიის თავმჯდომარეს. დიდი პასუხისმგებლობაა, იყო თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და ორმაგი პასუხისმგებლობაა, იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ისევ ისე თავდაუზოგავად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც აქამდე ვმუშაობდით და თბილისში უამრავი საჭირო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციას წარმატებული მუშაობა უსურვა. ზურაბ აბაშიძის თქმით, იმედოვნებს, რომ მათი თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება.

„მინდა, მივესალმო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო წარმატებები. მინდა, მჯეროდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება თქვენთვის. სამწუხაროდ, წინა გამოცდილება არ იყო ასეთი. წინა მოწვევის ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთელი დრო ბოიკოტის რეჟიმში გაატარეს. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ჩვენ ახალი მოწვევის საკრებულოში 45  წევრით ვართ წარმოდგენილი, ოპოზიცია კი – მხოლოდ ხუთით“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი