ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება

12:18, 17.10.2025

ცესკო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს. კომისია გაეცნო ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიჩნეულია „ფეიქ დამკვირვებლებად“. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და ორგანიზაციის წარმომადგენლები. აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკო-ს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ. ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა საქართველოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, დარეგისტრირდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ცესკო მოუწოდებს ამ განცხადების ავტორებს ორგანიზაცია ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის წარმომადგენლებს საჯაროდ განმარტონ, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელეს აღნიშნული შეფასებები“.

მსგავსი