კახა კალაძე – ყველა პოლიტიკური პარტიის თუ მათი უსამშობლო მხარდამჭერების ქმედებებს მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად
ფსევდოლიბერალების იმ აგრესიულ, ძალადობრივ ჯგუფს, რომელიც ბოლო წლებია, ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებული და უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, აქვს სურვილი, თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში და ხელი შეუშალოს, ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანიას და ჩემს საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის გარშემო.
„რადიკალთა ძალადობრივი დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, მედიის წარმომადგენლებს, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას. მიზანი ცხადია – საზოგადოების გახლეჩა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა. ძალადობა როგორ უნდა მოგეწონოს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ ხდება, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და არაერთხელ გამიკეთებია განცხადებები ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ დამიგმია, მათგან განსხვავებით, როდესაც პირიქით, ხელს უწყობდნენ, ტაშს უკრავდნენ ძალადობას თავიანთი სიუჟეტებით, ფეისბუქსტატუსებით სოციალურ მედიებში, სხვადასხვა სივრცეში. ზოგადად, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ქალს ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალისთვის შეუფერებლად იქცევა, ძალადობს, ბილწსიტყვაობს. მესმის, რომ ძალიან რთულია, მოთმინებით უპასუხო ასეთ ადამიანებს, ქალებსაც და კაცებსაც, რომლებიც გუშინ და გუშინ წინ საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ. ფართო საზოგადოებამ იხილა, როგორ იქცეოდნენ ისინი. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, არც სამშობლოს. აღარაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული ძალადობრივი დაჯგუფება. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბების პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციაში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა. ალბათ, გახსოვთ წლების წინ გია ბუღაძის ინიციატივით სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ და ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები ახლაც „ასეთივე დამაჯერებლობით“ ცდილობენ, ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც, ცხადია, წარუმატებლობისთვის არის განწირული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს თუ მათ უსამშობლო მხარდამჭერებს, რომლებიც დაკავებული არიან შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, ახორციელებენ სხვა ქვეყნიდან დავალებებს, არანაირი მომავალი არ აქვთ პოლიტიკაში და ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის. ჩვენ მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილზე სიძულვილით პასუხი არის ის, რასაც ეს ადამიანები ელოდებიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“, – განაცხადა კალაძემ.