სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

14:05, 22.08.2025

სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განცხადებით, იხელმძღვანელა საერთაშორისო პრაქტიკით მსგავს საქმეებზე. მისივე თქმით, არჩილ მუსელიანცს წარსულში აქვს ნასამართლეობა და აღნიშნული მუხლი ითვალისწინებდა 3-6 წლამდე პატიმრობასმ მინიმალურ ვადას ერთი წელი დაუმატა და ბრალდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია და მტკიცებულებები, რომლებსაც ბრალდება ეყრდნობა, არამყარი და არასანდოა. მისივე თქმით, პროცესზე ექსპერტმა ვერ დაადასტურა საქმეში მტკიცებულების სახით ჩადებული ვიდეოს ავთენტურობა.

რეპლიკით ისარგებლა ბრალდების მხარემაც. პროკურორის ანი ხუბეჯიშვილის შეფასებით, სასამართლო განხილვის დროს, როგორც მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ არჩილ მუსელიანცმა ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა. მისივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს, შემთხვევის ადგილზე მუსელიანცის ხელის კვალი არის აღმოჩენილი. პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ვიდეომტკიცებულებაზე და განაცხადა, რომ ექსპერტს ეჭვი არ შეუტანია, რომ ვიდეომასალაში ნამდვილად ბრალდებული ჩანს.

საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს და მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დადიოდა. მისივე თქმით, პროცესზე ექსპერტმა ვერ დაადასტურა ვიდეო მასალის ავთენტურობა. როგორც მუსელიანცმა აღნიშნა, საგამოძიებო პროცესში დროებითი მოთავსების იზოლატორში მასზე ძალადობა განხორციელდა.

„პროკურორი ამტკიცებს, რომ დაკითხვის ოქმს ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი, მაგრამ რაც მე გავიარე, ქალბატონო პროკურორო, ღმერთმა დაგიფაროთ, ხელს მოაწერთ კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ“, –  განაცახდა არჩილ მუსელიანცმა.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ ბრალდება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. კერძოდ, საუბარია მუსელიანცის მიერ პარლამენტის შენობასთან ვიდეოკამერების განზრახ დაზიანებაზე.

მსგავსი