თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ხომერიკის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ხომერიკის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. საბოლოო სიტყვაში დავით ხომერიკმა საქმის მოსამართლეს, ნინო გალუსტაშვილს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც ხომერიკმა აღნიშნა, 8 თვეა, უსამართლოდ, მტკიცებულებების გარეშე, პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში, რადგან გავრილოვის ღამიდან დაწყებული ხელისუფლების ანტიევროპული კურსი გააპროტესტა.
„თედოს ამბავი ყველას გაგვიხარდა. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, სადაც სამართალი ძნელად საპოვნელია. საერთო ღირებულებების და სატკივრის გამო ვდგავართ ერთად, უსამართლობას რომ არ ვეგუებით, ამის გამო ვსხედვართ ციხეში.
მუსიკით და ხელოვნებით გამოვხატე ჩემი ტკივილი, ჩემს პროტესტს ყოველთვის მშვიდობიანად მუსიკით და სიმღერით გამოვხატავდი. გავრილოვის ღამეს დაიწყო ყველაფერი, საკუთარ მოქალაქეებს ძალოვნები სასტიკად გაუსწორდნენ, რეზინის ტყვიებით დაზიანდნენ ჩემი მეგობრებიც. რუსეთის გავლენები იკვეთება, რომელიც ჰიბრიდულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, ამ უსამართლობამ დიდი გავლენა იქონია ჩემს პროტესტზე. იქ ყოფნისას განცდა იყო, რომ რეზინის ტყვიებს გაისროდნენ და არაერთი ძალადობრივი დარბევის მონაწილეც გავხდი. სიმართლე ხალხის მხარესაა და ეშინიათ ჩვენი ერთიანობის.
9-თვიანი შეკერილი და გამოგონილი საქმე აბსურდია, არ ვაღიარებ, არ ჩამიდენია, მტკიცებულებები არაა, არც მომჩივანია, არც სხვა მტკიცებულებებია. „მოლოტოვის კოქტეილებზე“ წარმოდგენა არ მაქვს, ბრალდებას მოჰყავს ცრუ მოწმეები, რომელთა ნაწილს დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩემ მიმართ. მე მაინც მრჩება იმედი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი თხოვნა იქნება, იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, ხალხი სამართალს, მშვიდობას და თავისუფლებას იმსახურებს. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, უცნობებს მივმართავ, იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ, რომელიც რწმენითა და მოტივაციით მავსებს. ეს ჩემთვის უძვირფასესია, რაც არ უნდა მოხდეს, მე მიყვარხართ. ნებდებიან ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა დავით ხომერიკმა.
ცნობისთვის, დავით ხომერიკი სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე მუხლით დააკავეს, რაც ასაფეთქებელი, ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ხომერიკი თამარაშვილის გამზირზე 2 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს.