„ტელეგრაფი“ – კონცერტის ტრანსლირებისას ეთერში გასული ანტისემიტური ფრაზების გამო „ბიბისის“ დირექტორი სკანდალში გაეხვია
„ბიბისის“ დირექტორი ტიმ დეივი ეთერში გასული ანტისემიტური ფრაზების გამო სკანდალში გაეხვია. ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წერს.
საუბარია გლასტონბერიში გამართული კონცერტის ტრანსლირებაზე, სადაც „ბიბისის“ დირექტორი ტიმ დეივი პირადადაც იმყოფებოდა.
კონცერტის დროს რეპერმა ბობ ვილანმა მოულოდნელად წამოიძახა: „თავისუფლება, თავისუფლება“, რის საპასუხოდაც მსმენელებმა ერთხმად დაიძახეს: „პალესტინას“. შემდეგ კი ვილანმა განაგრძო: „სიკვდილი, სიკვდილი ისრაელის თავდაცვის ძალებს“.
მედია წერს, რომ ამ ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს ტიმ დეივის, რომელიც თანამშრომლებს ხვდებოდა.
როგორც „ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, „ბიბისი“ ახლა ნანობს, რომ პირდაპირი ტრანსლაცია მაშინვე არ შეწყდა, თუმცა მაშინ ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
„ტიმი იქ იმყოფებოდა რამდენიმე საათით, რომ ენახა გუნდი. მისი იქ ყოფნის დროს აცნობეს სცენაზე გაჟღერებულის შესახებ. ის ჩაერია, რათა დარწმუნებულიყო, რომ ჩანაწერი არ იქნებოდა ხელმისაწვდომი და ის ძალიან მკაფიო იყო ამაში. პირდაპირი ტრანსლაციის გათიშვას გარკვეული ტექნიკური გამოწვევები ახლავს. ახლა რომ ვუფიქრდებით, გავთიშავდით. ის იკითხავდა, რა ვარიანტები გვაქვს, თუმცა ეს ასე მარტივად, მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერა არ არის“, – განუცხადა წყარომ „ტელეგრაფს“.
მართალია, კონცერტის ჩანაწერი არ იყო ხელმისაწვდომი მოთხოვნითი ვიდეოების კატეგორიაში, თუმცა ტრანსლაციის დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი იყო iPlayer-ზე მომდევნო ხუთი საათის განმავლობაში. ასევე, კონცერტის დასრულებამდე შესაძლებელი იყო მისი გადახვევის საშუალებით ნახვაც.
ბრიტანეთის კულტურის მინისტრის, ლიზა ნენდის თქმით, ინციდენტი ტიმ დეივის პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თემთა პალატაში საუბრისას მან განაცხადა: „როდესაც ერთი სარედაქციო შეცდომაა, ეს მხედველობაშია მისაღები და როდესაც რამდენიმე შეცდომაზეა საუბარი – ეს ხელმძღვანელობის პრობლემა ხდება“. მისი თქმით, პასუხისმგებლიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ამაზე „ბიბისის“ ხელმძღვანელობასთანაც ისაუბრა.
ტიმ დეივს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც, თუკი ტრანსლირების გამო არავინ გაუთავისუფლებიათ. ის ასევე ითხოვს, ჩატარდეს გამოძიება, თუ რატომ დასჭირდა მაუწყებელს ამდენი დრო BBC iPlayer-დან სიძულვილის ენის შემცველი მასალის ამოსაღებად.
„ბიბისიმ“ განაცხადა, რომ წუხს მის ეთერში გასული „მიუღებელი“ სიტყვების გამო და რომ „ანტისემიტური განწყობები, რომლებიც ბიბ ვილანმა გააჟღერა, სრულიად მიუღებელია და მათი ადგილი არ არის ეთერში“.
გლასტონბერიში ამ სიტყვების სკანდირების გამო ბობ ვილანს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა შეუზღუდა, სადაც მას 20-მდე ქალაქში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი, მისი ვიზა კი განულებულია.