რაფაელ გროსი – ირანში ზეგ, ერთ კვირაში თუ ათ დღეში ბირთვული ინსპექტირება აუცილებლად განხორციელდება, ეს მნიშვნელოვანია
გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანში ბირთვული ინსპექტირება აუცილებლად განხორციელდება.
მისივე თქმით, ასეთი ინსპექტირება აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილია.
„მესმის პოლიტიკური განცხადებები, ისინი რეალობის ნაწილია, მაგრამ ფუნდამენტური რამ, რაც მინდა, შეგახსენოთ და თქვენი ყურადღება მივაპყრო, არის ის, რომ არსებობს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ორივე პრეზიდენტმა მოაწერა ხელი“, – განაცხადა გროსიმ.
ამასთან, რაფაელ გროსი აღნიშნავს, რომ არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მოხდება ბირთვული ინსპექტირება.
„ცხადია, უნდა ჩავატაროთ შემოწმება. მიუხედავად იმისა, ეს მოხდება ზეგ, ერთ კვირაში თუ ათ დღეში, ეს მნიშვნელოვანია. ეს მოხდება“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, IAEA-ის მიერ ირანში ბირთვულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ თეირანსა და ვაშინგტონში.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ ინსპექტირებას დათანხმდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
პარალელურად კი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანი დაზიანებულ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორების დაშვებას არ გეგმავს. მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით თეირანს IAEA-ს ხელმძღვანელთნ, რაფაელ გროსისთან კომუნკაცია არ აქვს.