ინიციატივა „ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“
„ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.
დაგეგმილი ცვლილებებით 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება, სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. ამასთან, პირველი ოქტომბრიდან, კერძო კომპანიებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად აეკრძალებათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. საკითხის მომხსენებლის ზაზა ლომინაძის განმარტებით, ბენეფიციარებისთვის ყველა საჭირო სერვისს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. მისი თქმით, ცვლილების მთავარი მიზანია, პაციენტებმა სტანდარტების შესაბამისი ხარისხის მომსახურება მიიღონ, იყვნენ დაცულები კერძო ცენტრების შესაძლო კომერციული ინტერესების და მათი აღრიცხვიანობა გაუმჯობესდეს. კერძო სექტორში დასაქმებულ მედპერსონალს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას შესთავაზებენ. „ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში დაჩქარებული წესით განიხილავს და საბოლოოდ ხვალ დაამტკიცებს.