ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი
თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია დაესწრნენ. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე. ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენას.
საქართველოს მხრიდან საუბარი შეეხო ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებასა და ასევე რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ და უკანონო ქმედებებს. მათ შორის დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების საკითხი, კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედებისა და რეგულარული ავიარეისების დაწყების, ისევე როგორც სარკინიგზო მიმოსვლისა და ელექტრომატარებლის პირდაპირი მარშრუტის ამოქმედების გამო. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 25-26 ივნისს არის ჩანიშნული.