ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე – პრეზიდენტის მილოცვა
ბავშვებს პირველ ივნისს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ” – წერს ყაველაშვილი.
ბავშვთა დაცვის დღეს განცხადებით ეხმაურება პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძე წერს: „პირველ რიგში, ყველა ბავშვს მთელ მსოფლიოში ვუსურვებ მშვიდობას, ეს ის აუცილებელი წინაპირობაა, რომლის გარეშეც არ არსებობს განვითარება. ბავშვების კეთილდღეობა, მათთვის კარგი განათლებისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ყოველდღიური საზრუნავია. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს მთელ საქართველოში ჰქონდეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა და უსაფრთხო გარემო.“