ლევან იოსელიანი – ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებისას ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება

14:16, 08.02.2021

შეხვედრის მონაწილეებს ჩვენი გეგმა გავაცანით, როგორ ვაპირებთ, მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების კანონმდებლობაში ასახვას. დღეს იყო გაცნობითი შეხვედრა. კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები გულისხმობს, რომ ცესკო დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას.

„ეს რეფორმა ამას გულისხმობს. სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან ცესკო-ს დაკომპლექტების განსხვავებული წესი შემოდის. ამ წესის მიხედვით, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ცესკო-ს წარმომადგენლები. დისკუსიის მთავარი თემაა საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ის მემორანდუმია, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. რეფორმა ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.

მსგავსი