„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრი ზვიად ქვლივიძე – „აწარმოე საქართველოს“ დირექტორიც ვიყავი, ფულს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ხელფასით ვცხოვრობდი
ბოლოს ვმუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურაში, „აწარმოე საქართველოში“, სადაც ვიყავი დირექტორის მოადგილე და 2018 წელს, დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში მომიწია დირექტორის მოვალეობის შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა წევრმა ზვიად ქვლივიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი პროფესია არის ბიზნესის განვითარების მიმართულებით. წლებია, ვმუშაობ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით და არა მხოლოდ. როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებში. ვმუშაობდი სხვადასხვა სექტორში. ბოლოს კი, ვმუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურაში, „აწარმოე საქართველოში“, სადაც ვიყავი დირექტორის მოადგილე და 2018 წელს, დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში მომიწია დირექტორის მოვალეობის შესრულება. ფულს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ხელფასით ვცხოვრობდი. ვფიქრობ, ეს ადამიანის ღირებულებებზეა დამოკიდებული, ადამიანის სულისკვეთებასა და იმ გზებზე, რა გზაც გაიარა ცხოვრებაში“, – განაცხადა ქვლივიძემ.
მისი განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურაში დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
„ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა. იყო მიზეზები, რამაც მაიძულა, ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ზოგადად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, პირველად ვმუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურაში. მანამდე სხვა ტიპის გამოცდილებები მქონდა. დავინახე იმდენი უსაზღვრო შესაძლებლობები, რაც არსებობს სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის მხრიდან. მაგრამ ასევე დავინახე იმდენი გამოწვევა და პრობლემა, რაც დღეს არის დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით. ეს ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ შიგნიდან დამენახა. მე ამას გარედან ვხედავდი, ადამიანები საუბრობდნენ, მე ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ, რამხელა პრობლემები არის ქვეყანაში, რატომ ვეღარ მივიწევთ წინ, რადგან 2003 წლიდან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანამ განიცადა მართლა ძალიან დიდი განვითარება და ძალიან მაღალი ტემპებით ვითარდებოდა ქვეყანა. რაღაც პერიოდის შემდეგ კი, განსაკუთრებით, როდესაც მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად და დემოკრატიული პროცესით, არჩევნების გზით გადაცემა, ქვეყანაში ეს განვითარების ეტაპი გაჩერდა. მე მაინც მივედი სახელმწიფო სტრუქტურაში, რადგან ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა მომეხმარებინა ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.