ლევან იოსელიანი – პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში იჯდა ერთი პარტია, ამას უკვე აღარაფერი ეშველება

01:23, 12.12.2020

დღევანდელი დღით ოპოზიცია არ დაზიანებულა, დღევანდელმა დღემ ცხადყო „ქართული ოცნების“ სახე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში იჯდა ერთი პარტია. ასეთი რამ პირველად მოხდა და ეს არის ის, რაც მათ მიიღეს იმ სიყალბის გამო, რაც ჩაიდინეს. რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან მძიმეა და ყველაფერს ცდილობენ, რომ ეს სურათი რაღაცნაირად გადაფარონ. ეს უკვე შემდგარი ფაქტია, „ქართული ოცნება“ მარტო იჯდა პარლამენტში და ამას უკვე აღარაფერი ეშველება“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში არ იყო და ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ, რაც ქვეყანას ამ კრიზისად გამოიყვანს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ირაკლი კობახიძის მსგავსად ოპტიმისტურად განწყობილი, რომ პარტია „მოქალაქეები“ და სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რაც ჩაიდინა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„ქართული ოცნება“ რომ ამ ძალიან დიდ დისკომფორტს არ გრძნობდეს, დღეს რომ პარლამენტში მარტო იჯდა და კუთხეში ასე არ იყოს მიყენებული, მოლაპარაკებების მაგიდასთან საერთოდ არ დაჯდებოდა. დღეს გვაქვს შანსი, ამ პროცესიდან შეთანხმება გამოვიტანოთ, რომელიც ჩვენთვის ან ვიღაცისთვის კი არ იქნება კარგი, არამედ ამ ქვეყნისთვის და რეალურად, ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ეს ახალი ეტაპი გულისხმობს ისეთ საარჩევნო სისტემას, რომლის გაყალბებაც პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. აი, ამას უნდა მივაღწიოთ. ეს შემდეგს გულისხმობს – ქვეყანაში საარჩევნო ბარიერები ისე იქნება მოწესრიგებული, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შეეძლებათ, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ; პოლიტპატიმრები აღარ იქნებიან ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღიარებენ, რომ პოლიტპატიმრები არიან; თუ ჩვენ, ოპოზიცია მოვილაპარაკებთ გადათვლის ისეთ მექანიზმზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, მაშინ შესაძლებელია, ვადამდელი არჩევნებიც დაინიშნოს “, – განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვაზე,რაზე დაყრდნობით აკეთებს შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გიგა ბოკერიას ტყვეობაშია, იოსელიანმა განაცხადა, რომ ასეთ შეფასებას იმაზე დაყრდნობით აკეთებს, რაც შეხვედრებზე მოისმინა და დაინახა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრები ამ პროცესის მიმართ ისეთი რადიკალური არ არიან, როგორიც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები. უბრალოდ, ვიცი, ვხედავ მათ პოზიციებს და ამაზე დაყრდნობით ვამბობ“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, არიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცალკეული წევრები, რომლებიც მანდატებზე უარის თქმას არ ჩქარობენ და ეს საკითხი ღიად აქვთ დატოვებული, იოსელიანმა აღნიშნა, რომ დღეს, მანდატებზე უარის თქმის პროცესში ვერ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების ძალიან ბევრი წევრი.

ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ სურს, პროცესები ევოლუციურად განვითარდეს და არა რევოლუციურად.

მსგავსი