ზვიად ქორიძის განცხადება

რატომ არ შეიწყალა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მსჯავრდებული სასულიერო პირი, გიორგი მამალაძე. როგორც ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, საკითხზე თავად კომისიამ ვერ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა კი გაიზიარა კომისიის პოზიცია და არ გამოიყენა შეწყალების ექსკლუზიური უფლება.

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტს უნდოდა ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული მამა გიორგი მამალაძის შეწყალება, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა. თუმცა როგორც ის ამბობს, მაშინ ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდნენ.

განიხილავს თუ არა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს მოქმედი პრეზიდენტი. სპეციალურად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი სალომე ზურაბიშვილთან შუამდგომლობისთვის კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს. ეს საინიციატივო ჯგუფი გუშინ შეიქმნა და მასში დეკანოზის მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები შედიან.

ჯგუფის წევრები მსგავსი მოთხოვნით ხელმოწერის შეგროვებასაც იწყებენ.