ზურაბიშვილის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ზურაბიშვილის განცხადებით, მან თავისი პრიორიტეტებისა და გეგმების გარდა, ელჩებს გააცნო პოსტი, რომელიც ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

შეგახსნებეთ, ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს:

„ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხი და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე პირადად ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს“.