ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები ლიეტუვის სეიმში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მმართველ გუნდს ამჯერად ლიეტუვიდან აკრიტიკებს.

სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტები ვილნიუსიდან დაიწყო. სეიმის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ექს-პრეზიდენტმა ევროკავშირს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. „რუსეთის ბატონობა“, „რუსული კოშმარი“, „ქვეყნის რუსული მეთოდებით მართვა“, „რეპრესიები“ – ამ ეპითეტებით აღწერა ლიეტუვის პარლამენტში ზურაბიშვილმა საქართველოში არსებული დღევანდელი ვითარება. ოპოზიციასთან აქტიურ კოორდინაციაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი გამოსავალს ახალ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს, ევროპის ქვეყნებს კი ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებულ პროცესებზე საპასუხო სტრატეგიების მომზადებას სთხოვს. ზურაბიშვილის აზრით, ამოქმედებულ სანქციებს სადამსჯელოსთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც უნდა მიეცეს. ხელახალი არჩევნების მისაღწევად ექს-პრეზიდენტმა დღეს ევროკავშირის ქვეყნებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა ითხოვა. ლიეტუვა ერთ-ერთია ევროპის ქვეყნებს შორის, საიადანაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით საკმაოდ მძიმე განცხადებები კეთდება და სადაც უკვე მეორე სასანქციო პაკეტია ამოქმედებული.