ზურაბიშვილის პლატფორმა და ოპოზიციის გეგმები 

სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივის გარშემო პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა მეტი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების აზრით, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემოა და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ამომრჩეველს მკაფიოდ უნდა უთხრას, რომ ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. „ფედერალისტების“ ლიდერის აზრით კი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის ერთადერთი ოპტიმალური და სწორი გზა. პროცესის დისკრედიტაციას კი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი დარწმუნებულები არინ, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის არის განწირული.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 31 მარტს, რუსთველის გამზირზე გამართულ აქციაზე გამოვიდა. მისი განმარტებით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და იზიარებენ პროტესტის მთავარ მოთხოვნებს – ახალი არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამოსვლისას ისაუბრა. ის შეეხო 31 მარტს ჩატარებულ აქციასაც და განაცხადა, რომ პროტესტი გაგრძელდება.