ზურაბიშვილის იმპიჩმენტი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად „ქართული ოცნება“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ და განზრახ დარღვევაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილმა პროცედურები და უფლება-მოვალეობები დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იქნება უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზეც. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტების დაგეგმვით კონსტიტუცია დაარღვია. პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, მათი დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პროცესი პარლამენტში გაგრძელდება. იმპიჩმენტს 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ხმების ეს რაოდენობა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დილიდან შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდის ინიციატივა ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ქვეყნის მთავარი კანონის უგულებელყოფას, რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.