შეფასებების თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომელიც კრიზისიდან გამოსავალს ოპოზიციის ერთიანობაში ხედავს. თუმცა, ოპოზიციურ პარტიებში აზრები და გეგმები კვლავ ურთიერთსაწინააღმდეგოა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ აწყობთ არც არჩევნებში მონაწილეობის და არც ბოიკოტის კამპანია, რადგან მისი განმარტებით, არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამარჯვებად გამოცხადდა. ზურაბიშვილი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, უნდა გაძლიერდეს და გაცოცხლდეს „წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა, პროგრამა არის „ქართული ქარტია“, რომელსაც განახლება სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობა“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადების მხოლოდ იმ ნაწილს იწონებს, სადაც ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე საუბრობს. მმართველი გუნდისთვის კი ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი გეგმა – გეგმის არქონას ნიშნავს.