ზურაბიშვილის ფაქტორი - ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში 

ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გამოცხადებული გეგმა ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების ახალი თემა ხდება.

ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გზავნილების მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავს. ქუჩის პროტესტთან ერთად პოლიტიკური ფორმატის შექმნა და წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმირება – ეს იყო მთავარი მოწოდება ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლიდან. ზურაბიშვილი პარტიებს ახალი არჩევნების დანიშვნის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მისაღწევად პოზიციების შეჯერებას და კოორდინირებულ მოქმედებებს სთავაზობს. თუმცა შეთავაზებული სტრატეგია სიახლე არ არის და გეგმას არასაკმარისად მიიჩნევს პოლიტიკური აქტორების ნაწილი. უთანხმოების საგანი გახდა აქციის ფორმატი და სალომე ზურაბიშვილის უკან გამოფენილი ტრანსპარანტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის გაჩნდა კითხვაც, რატომ იყო ტრიბუნასთან ერთადერთი გამომსვლელი მეხუთე პრეზიდენტი. ფაქტია, რომ ექს-პრეზიდენტთან თვეების განმავლობაში აქტიური კონსულტაციების და ცალკეული ლიდერების მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციური გაერთიანების ფორმირება ვერც ამჯერად მოხერხდა, რაზეც პოლიტიკური აქტორები პასუხისმგებლობას მეტწილად გიორგი გახარიას პარტიას აკისრებენ. თუ გუშინდელი აქციით უკმაყოფილო პოლიტიკოსების განცხადებებს გავითვალისწინებთ, ბუნდოვანია წინააღმდეგობის ახალი პლატფორმის მომავალიც.