შეცვლის თუ არა „ლელოს“ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის პოზიცია და ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერი – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების მთავარ თემად რჩება. ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა განცხადებამ, რომლის მიხედვით ზურაბიშვილს არც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის იდეა და არც მისი ბოიკოტი მოსწონს. თუ ციხიდან ბადრი ჯაფარიძის წერილის შინაარსს დავეყრდნობით, „ლელო“ დიდი ალბათობით გეგმის გადახედვას და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გადაფიქრებას არ აპირებს. გაყოფილი პოზიციების გამო წინააღმდეგობის პლატფორმის გაძლიერებისკენ და ერთობისკენ ექს-პრეზიდენტის მოწოდებას პოლიტიკური აქტორები არაერთგვაროვანი რეაქციებით ხვდებიან. ისევე როგორც გუშინ დამტკიცებული რეზოლუციის იმ ჩანაწერს, რომელშიც ევროპარლამენტი მერების და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობას არ ეთანხმება. პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც მოახლოებული არჩევნების ბოიკოტირების კამპანია და ჩაშლა ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხაზია, ხელისუფლებისგან გამაფრთხილებელ გზავნილს იღებენ.