ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი 

სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე.

ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საქმეზე ჯაფარიძეს 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც არ გადაიხადა. გადახდის ვადა ოთხი დღის წინ ამოიწურა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბრალდებული, ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, დაკავებას ელოდა. სასამართლო დარბაზის მსგავსად, სხდომის მიმდინარეობის დროს ხმაური იყო შენობის გარეთაც, სადაც პერიოდულად სიტუაცია იძაბებოდა, აიყვანეს პოლიტიკოსის სამი მხარდამჭერი. ის, რაც კანონის მოთხოვნის აღსრულებაა მმართველი გუნდისთვის, პოლიტიკურ დევნად განიხილება ოპოზიციის მხრიდან. თუმცა გირაოსთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. გირაო უკვე გადაიხადა რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომლებმაც პარლამენტის არალეგიტიმურობის მოტივით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე, ჯაფარიძის მსგავსად, უარი თქვეს. ნაწილი, მათ შორის ზურა ჯაფარიძის კოალიციური პარტნიორები, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, სასამართლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ.