ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა – პენიტენციური სამსახურის განცხადება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მან რუსთავის ციხე დღეს დილით დატოვა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს თანაგუნდელები და მხარდამჭერები სახლთან დახვდნენ. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე აპირებს მისვლას. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ზურაბ ჯაფარიძე, სავარაუდოდ, ახალ განაჩენს ელოდება. მას პროკურატურა სისხლის სამართლის კიდევ ორი მუხლს ედავება – საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, რომელიც 7-დან 15-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
პარალელურად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და გამოეხმაურა ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რასაც „სიცრუეს“ უწოდებს. უწყება განმარტავს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის წინასწარ ინფორმირებას ან შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია რას ეფუძნებოდა მისი მოლოდინი, პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.