ზუგდიდსა და ახალციხეში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო

საზეიმოდ აინთო მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ზუგდიდში, სკეიტ-პარკშიც.

მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი კონცერტით მიულოცეს.

ნაძვის ხე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად აანთეს.

საახალწლოდ ზუგდიდში ცენტრალური ქუჩები და ბულვარი განათდა. საახალწლოდ პირველად მოირთო დადიანების სასახლის ეზო.

ზუგდიდში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის საახალწლო ბაზრობა, სადაც რეგიონის ფერმერთა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. გაიმართება კონცერტები.

2019 წლის შესახვედრად ემზადებიან ახალციხეშიც, სადაც ცენტრალურ პარკში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მერმა, ზაზა მელიქიძემ პატარებთან ერთად აანთო.

საზეიმო ღონისძიებაზე მესხური მრავალჟამიერი იმღერეს, თოვლის ბაბუამ კი პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.