ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის ტექნიკურ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციური პარტიების ფრაქციებს, თუმცა ბიუჯეტს მხარი დაუჭირეს, რადგან მათი თქმით, ადგილობრივების პრობლემების აღმოფხვრა სწორედ ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ზუგდიდის ბიუჯეტი 70 მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 6 მლნ ლარით მეტია შარშანდელ ბიუჯეტზე. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, ფრაქცია „ახალის“ წარმომადგენელმა თემურ ბასილაიამ თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული მომიტინგეების ფოტოები აჩვენა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს და მომხდარის შეფასება და ხელისუფლების ამ ნაბიჯებისგან გამიჯვნა ურჩია. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც დერეფანშიც გაგრძელდა. სხდომა შესვენების შემდეგ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.