ზუგდიდის საკრებულოს სხდომა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახლად არჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს ცნო. დღეიდან ის საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება.

საკრებულოს სხდომა ხმაურის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო პლაკატებით მოვიდნენ სხდომაზე, პირი აკრული ჰქონდათ და რამდენიმეს თავზე ტომარა ჰქონდა წამოცმული.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მან ხმების 54,18% მიიღო, სანდრა რულოვსმა კი 42,84%. შენგელიას თქმით, საკადრო ცვლილებები განხორციელდება და ყველა კადრი შეირჩევა პროფესიონალიზმის მიხედვით.