რეზონანსული აღმოჩნდა გაერო-ს ტრიბუნიდან უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადება. ზელენსკი ჩვენს ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულებად აცხადებს.
თბილისი ოფიციალურ კიევს ბოლო საერთაშორისო რეიტინგებს და საქართველოს მაჩვენებლების გაცნობას ურჩევს. საკმაოდ მძაფრი რეაქციები მოჰყვა ომში მყოფი ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით ზელენსკი ევროპაში ჩვენს ქვეყანას დაკარგულად მიიჩნევს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში ევროპელ ლიდერებს მოლდოვის დახმარებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფოებრივი მოწყობა უარესდება. ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ლიდერსა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებების და მწვავე კრიტიკის შემცველი განცხადებები არაერთხელ აქვთ გაკეთებული.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ზელენსკის გამოსვლაში ქვეყნის დახმარების სურვილი ამოიკითხეს ხელისუფლების ოპონენტებმა.