ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკიმ ამ საკითხზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი, ანატოლი კრივონოჟკო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა „ცენტრს“ ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ დასავლეთის დახმარების ფარგლებში გადაცემული თანამედროვე თვითმფრინავ F-16-ებიდან ერთ-ერთი დაკარგა. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ განაცხადა, რომ F-16 უკრაინულმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის არაკოორდინირებული მოქმედებების გამო მოხდა.