ზელენსკი სტარმერსა და მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას გაუზიარა მსოფლიო ლიდერებთან საუბრის დეტალები. „ევროპას სჭირდება საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, ისეთი, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი და აშენებული ძლიერი უსაფრთხოების გარანტიებზე“, – წერს ზელენსკი. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარს, ზელენსკის თქმით, მომავლის გეგმები და შესაძლებლობები განიხილეს. ინფორმაციას ავრცელებს კირ სტარმერის ოფისიც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტარმერმა ზელენსკის განუცხადა, რომ ომის დროს არჩევნების შეჩერება სავსებით გონივრულია. „პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს და თქვა, რომ სავსებით გონივრული იყო არჩევნების შეჩერება ომის დროს, როგორც ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.