ზაზა ოქუაშვილის განცხადება

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლების საერთო განცხადებას და ბრალდებებს ეხმაურება. ბიზნესმენის განმარტებით, ის „მთავარი არხის“ დახურვას არ აპირებს და მისი სურვილია ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობით და ისეთი მენეჯმენტით, რომელიც მისივე თქმით, არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას. გუშინ გაკეთებულ განცხადებას ოქუაშვილი გვარამია-გაბუნიას გეგმის ნაწილს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ ტელევიზია გაქურდეს და ხელოვნურად მიიყვანეს გაკოტრებამდე. საკუთარ განცხადებაში ბიზნესმენი რამდენჯერმე აფიქსირებს, რომ ტელეკომპანიის დახურვა მის ინტერესში არ არის და ამბობს იმასაც, რომ არხის საჭიროებების უზრუნველყოფისთვის მზად არის. მანვე უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო გარიგებასაც. შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დახურვის შესახებ ინფორმაცია მაყურებელს გუშინ გიორგი გაბუნიამ მიაწოდა და კახა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობასა და გარიგებაში დაადანაშაულა.