ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილეს. საქართველოს დელეგაციამ მკაცრად დაგმო ოკუპანტების უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის  მისიებმა ეუთო-ში. „5 თებერვალს გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მცდელობისა, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულება’’- ნათქვამია ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაში.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას დიდი ბრიტანეთიც გამოეხმაურა. „საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოგზაურობის უფლება. ეს მიმდინარე დაკავებები და ე. წ. ბორდერიზაციის ქმედებები გამიზნულადაა შექმნილი რეგიონში დესტაბილიზაციისთვის და პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე,“ – აღნიშნულია ბრიტანული მისიის განცხადებაში. ზაზა გახელაძეს უკანონოდ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.