ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე

უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდებებით დაკავებული ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, – ასე ეხმაურება შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მოქალაქისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში გამოტანილ გადაწყვეტილებას. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის შესახებ დღეს ამერიკელი დიპლომატი, ევროკავშირის ელჩთან ერთად, პრემიერ-მინისტრს შეხვდა. დიპლომატები მომხდართან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.