ზაზა ალექსიძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე და ტექსტოლოგი, ქრისტიანული კავკასიის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის მკვლევარი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხოლო ბოლო დრომდე ამ ცენტრის სომხური და აღმოსავლური ხელნაწერების განყოფილებას. იყო 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი, არაერთი ჯილდოს მფლობელი. მათ შორის აღსანიშნავია საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი.

ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის და აღმოსავლეთმცოდნის, ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.