ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება. ცერემონიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ოლიმპიური დროშის გადაცემის სიმბოლური რიტუალია. მილანისა და კორტინა დ’ამპეცოს მერები ოლიმპიურ დროშას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გადასცემენ, ის კი, თავის მხრივ, 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლებს – საფრანგეთის ალპების წარმომადგენლებს გადააბარებს. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება ახალი ოთხწლიანი ციკლი.
ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც. ქართველებისთვის 2026 წლის ოლიმპიადა ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა გუნდმა პირველი მედალი მოიპოვა – ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა შორის ვერცხლს ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დაეუფლნენ.